defsfeds

მედიის წარმომადგენლები ქართული ჩაის წარმოებასა და სექტორის გამოწვევებს გაეცნენ

რა გზა უნდა გაიაროს ქართულმა ჩაიმ პლანტაციიდან მომხმარებლამდე? რა უშლის ხელს ადგილობრივ მწარმოებლებს უფრო ფართო ბაზრებზე გასვლაში და რა შეიძლება შეცვალოს სექტორის მონაწილეებს შორის გაძლიერებულმა თანამშრომლობამ?

ამ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად, 12-13 სექტემბერს მედიის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციებსა და საწარმოებს ეწვივნენ. ორდღიანი მედიატური ჟურნალისტებს საშუალებას აძლევდა, ქართული ჩაის სექტორი არა მხოლოდ სტატისტიკისა და ზოგადი ინფორმაციის, არამედ უშუალოდ მწარმოებლების, ფერმერებისა და ტექნოლოგების გამოცდილებით გაეცნოთ.

„მედიატურის ფარგლებში 12-მა ჟურნალისტმა დაათვალიერა ხონის, მარტვილისა და ოზურგეთის საწარმოები და პლანტაციები. ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ხდება ჩაის კრეფა და გადამუშავება და რამდენი შრომაა ჩადებული ამ პროცესში. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ქართული ჩაის პოპულარიზაციას.” – აღნიშნა ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ.

მედიატურის ერთ-ერთი მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ საქმიანობის გაცნობა. ორგანიზაციის წევრებმა მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს ხედვები სექტორის ძირითად გამოწვევებზე, ისაუბრეს გაერთიანების შექმნის მიზეზებზე, მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ქართული ჩაის განვითარების შესაძლებლობებზე.

ქართული ჩაის სექტორში ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პლანტაციების რეაბილიტაციის, საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა, წარმოების ზრდასთან ერთად კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებიც ცალკეული მწარმოებლის შესაძლებლობებს სცდება – მათ შორის ბაზრებზე წვდომა, საერთაშორისო ბაზრების ხარისხის სტანდარტებისა და სპეციფიკაციების დაკმაყოფილება, გაყიდვების არხების განვითარება, პროდუქტის უკეთ პოზიციონირება და სექტორის მონაწილეებს შორის კოორდინაცია.

სწორედ ამ გამოწვევების ფონზე შეიქმნა „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“. ორგანიზაცია 2025 წლის დეკემბერში დაფუძნდა და მიზნად ისახავს მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, საერთო ინტერესებისა და გამოწვევების ირგვლივ დიალოგის ხელშეწყობას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ქართული ჩაის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

გაერთიანების წევრებთან შეხვედრებმა ჟურნალისტებს საშუალება მისცა, სექტორის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიეღოთ, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩაის წარმოებასა და განვითარებაზე. საუბარი შეეხო არა მხოლოდ ცალკეული საწარმოების საქმიანობას, არამედ მთლიანად სექტორის საჭიროებებს – ბაზარზე არსებულ სირთულეებს, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, რომლებსაც მწარმოებლები ქართული ჩაის შემდგომი განვითარებისთვის ხედავენ.

„მსგავსი ტიპის ინფოტურის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი უმრავლესობა პირველად იყო ჩაის პლანტაციებში. გავეცანით სექტორის გამოწვევებსაც და დავინახეთ, რომ სექტორს მეტი მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩაის მწარმოებელთა გაერთიანების შექმნაა“, – აღნიშნა ჟურნალისტმა ანა მარშანიამ.

მედიატურის მნიშვნელობა მხოლოდ ქართული ჩაის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებით არ შემოიფარგლება. მწარმოებლებსა და მედიას შორის პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლებლობას ქმნის, სექტორის შესახებ საუბარში უფრო მეტად ისმოდეს თავად მეწარმეების გამოცდილება, მათი საჭიროებები და ხედვები.

ამავე დროს, უკეთ ინფორმირებული მედია ხელს უწყობს იმასაც, რომ ქართული ჩაის შესახებ კომუნიკაცია გასცდეს მხოლოდ პროდუქტის პოპულარიზაციას და საზოგადოებამ უკეთ დაინახოს ის ადამიანები და თანამშრომლობა რომლებიც ამ სექტორის განვითარებას უდგას საფუძვლად.

მედიატური განხორციელდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტს (LEDP) ახორციელებს HELVETAS Swiss Intercooperation, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.