defsfeds

LEDP-ის მხარდაჭერით ქვემო ქართლის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქვემო ქართლის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშესაწყობად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანებას (KKWU) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ღონისძიებას ცენტრის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ღვინის გაერთიანების მოქმედი და პოტენციური წევრები დაესწრნენ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფასილიტაციით, ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გამოიკვეთა საერთო ინტერესები და განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

მემორანდუმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება ითანამშრომლებენ ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოძიების, მეცნიერული შესწავლისა და მათი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. თანამშრომლობა ასევე მოიცავს რეგიონის სავენახე ნიადაგების კვლევას, მდგრადი მევენახეობის განვითარებას, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას.

მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ქვემო ქართლის ღვინოების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეც, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის, რადგან რეგიონში არსებული ადგილობრივი და ველურად გავრცელებული ვაზის ჯიშების ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს მოძიებას, იდენტიფიცირებასა და მეცნიერულ შესწავლას. ამ რესურსების უკეთ შესწავლა ადგილობრივ მევენახე-მეღვინეებს დაეხმარება რეგიონისთვის დამახასიათებელი ღვინოების განვითარებასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებაში.

გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიანი და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის საფუძველს ქმნის. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცოდნასა და ინფრასტრუქტურაზე წვდომა ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებს დაეხმარება ადგილობრივი ვაზის ჯიშების უკეთ შესწავლაში, ვენახების მართვის გაუმჯობესებაში, ღვინის ხარისხის ზრდასა და ახალი საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებაში.

აღსანიშნავია რომ, LEDP-ის ფასილიტაციით, 2026 წლის თებერვალში შეიქმნა ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება, რომლის მიზანია რეგიონში ღვინის სექტორის განვითარება და ქვემო ქართლის, როგორც ღვინის წარმოების რეგიონის, ცნობადობის გაზრდა. მომავალშიც შეუწყობს ხელს მხარეებს შორის თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვას, რათა მემორანდუმით განსაზღვრული მიმართულებები კონკრეტულ კვლევით, საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივებად გადაიქცეს. პროცესში გათვალისწინებული იქნება მევენახე-მეღვინეების საჭიროებები და გამოცდილება, რათა დაგეგმილი საქმიანობა რეგიონის რეალურ გამოწვევებს პასუხობდეს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტს ახორციელებს HELVETAS Swiss Intercooperation-ი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.