defsfeds

ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს ჩაის სექტორის გასაძლიერებლად

საქართველოს ჩაის სექტორის განვითარება მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია მწარმოებლებს შორის თანამშრომლობა, საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ბაზრის მოთხოვნებზე კოორდინირებული რეაგირება და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი.

სწორედ ამ საკითხებზე გამოცდილების გასაზიარებლად და საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, 5-12 ივლისს ქართული ჩაის მწარმოებლები, საჯარო უწყებების თანამშრომლები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის წარმომადგენლები გერმანიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო იმ პრაქტიკული მიდგომების გაცნობა, რომლებიც მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, სექტორში უკეთეს კოორდინაციასა და ქართული ჩაის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ არსებულ გამოწვევებზე, გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ, რომელი მიდგომები შეიძლება იყოს ეფექტიანი საქართველოს პირობებში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, რომ ძლიერი მწარმოებელთა ორგანიზაცია მხოლოდ პროდუქციის ერთობლივ გაყიდვას არ გულისხმობს. ის უნდა ეფუძნებოდეს წევრებს შორის ნდობას, მათ აქტიურ მონაწილეობასა და ისეთ მომსახურებებს, რომლებიც მწარმოებლების რეალურ საჭიროებებს პასუხობს“, – აღნიშნა ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაციის „საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ დირექტორმა გიორგი მაისურაძემ.

ბერლინსა და ჰამბურგში გამართული პროგრამის ფარგლებში დელეგაცია გაეცნო მწარმოებელთა ორგანიზაციების მართვის, წევრებთან კოორდინაციის, პროდუქციის გაერთიანების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ერთობლივი მარკეტინგის სხვადასხვა მოდელს.

მონაწილეები შეხვდნენ Mecklenburger Ernte GmbH-ის, BVEO-სა და Elbe-Obst-ის წარმომადგენლებს და განიხილეს, როგორ ეხმარებიან აღნიშნული ორგანიზაციები წევრებს კოორდინაციაში, ხარისხის დაცვასა და ბაზრებთან წვდომის გაძლიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ორგანიზაციების ნაწილი ჩაისგან განსხვავებულ სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებში საქმიანობს, მათი გამოცდილება აჩვენებს, რომ მწარმოებელთა წარმატებული გაერთიანება მკაფიო მართვას, წევრების მონაწილეობას, გამჭვირვალე გადაწყვეტილებებსა და საერთო მიზნებზე შეთანხმებას ეფუძნება.

ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ჩაის სექტორისთვის, სადაც მცირე მწარმოებლებს ხშირად დამოუკიდებლად უწევთ ხარისხთან, წარმოების მოცულობასთან, მყიდველებთან ურთიერთობასა და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა.

„როდესაც მწარმოებლები ცალ-ცალკე მოქმედებენ, მათთვის რთულია სტაბილური მოცულობის, ერთიანი ხარისხისა და ბაზრის მოთხოვნების უზრუნველყოფა. თანამშრომლობა კი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო პრობლემებზე ერთად ვიმუშაოთ და ბაზართან უფრო ძლიერი პოზიციიდან ვისაუბროთ“, – განაცხადა ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია “საქართველოს ჩაის” აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგიზ სვანიძემ.

სასწავლო ვიზიტი ბაზრის წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგსაც მოიცავდა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჩაის სექტორში მოქმედ გერმანულ კომპანიებსა და დაინტერესებულ მყიდველებს, ეწვივნენ სპეციალიზებულ ჩაის მაღაზიებსა და გაყიდვის ობიექტებს და მონაწილეობა მიიღეს ბიზნესშეხვედრებში. ამ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა უკეთ გაეგოთ, რას აქცევენ ყურადღებას ევროპელი მყიდველები პროდუქტის შერჩევისას და რა მნიშვნელობა აქვს ხარისხს, წარმოშობას, სტაბილურ მიწოდებას, შეფუთვასა და პროდუქტის ისტორიას.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქართულ ჩაის მნიშვნელოვანი განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე, ქართულმა ჩაიმ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალი ხარისხის და გამორჩეული წარმოშობის პროდუქტმა. ჩვენი ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მაქსიმალურად გავიზიაროთ გამოცდილება და შესაბამისად დავნერგოთ სიახლეები ჩაის სექტორის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქართული ჩაის ინდუსტრია კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,“ – აღნიშნა ლაშა დიოლიძემ.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გერმანიაში მიღებული გამოცდილების საქართველოს რეალობაზე მორგება. მონაწილეებმა განიხილეს ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაციის „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“ შემდგომი განვითარების მიმართულებები, წევრებისთვის საჭირო მომსახურებები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მწარმოებლების მონაწილეობა, ხარისხის გაუმჯობესება და შიდა თუ უცხოურ ბაზრებთან კავშირების გაძლიერება.

„ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო საქართველოს ჩაის სექტორის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანება საერთო ინტერესებისა და გამოწვევების განსახილველად. ამასთან, მწარმოებელთა ორგანიზაცია დღეს უკეთ არის ინფორმირებული და უფრო მზად არის, სექტორს გაუწიოს ლიდერობა და ხელი შეუწყოს მის განვითარებას უფრო ბაზარზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი მომავლის ხედვის მიმართულებით“, – აღნიშნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) გუნდის ლიდერმა, როჯერ ოუკლიმ.

ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნა და ახალი პროფესიული კავშირები შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი გახდება. მომდევნო ეტაპზე ყურადღება გამახვილდება გაერთიანების „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“, როგორც მწარმოებლების მიერ მართული პლატფორმის, გაძლიერებაზე, სექტორის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებზე უფრო ორგანიზებული პასუხის ჩამოყალიბებაზე.

სასწავლო ვიზიტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში განხორციელდა. პროექტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს, ხოლო HELVETAS Swiss Intercooperation ახორციელებს.