defsfeds

გადაჭრილ გორაზე ქვემო ქართლის ღვინის ფორუმი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილი გორის არქეოლოგიურ ძეგლთან ქვემო ქართლის ღვინის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის სექტორის, პროფესიული და საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ადგილობრივი მწარმოებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა.

ფორუმის მიზანი იყო ქვემო ქართლის ღვინის სექტორის შესაძლებლობების წარმოჩენა, რეგიონული ღვინის იდენტობის გაძლიერება, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ღონისძიების ადგილად გადაჭრილი გორა შეირჩა – არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ღვინის და ხორბლის 8 000-წლიან ისტორიას უკავშირდება. ფორუმი სწორედ ამ ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებას მიეძღვნა, რომ რეგიონის მეღვინეობის ტრადიცია, ადგილობრივი წარმოება, კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული პოტენციალი იქცეს ადგილობრივი განვითარების წყაროდ.

„ქვემო ქართლს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს. ჩვენი ისტორიული ძეგლები, მრავალფეროვანი ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა, ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნება, ტრადიციული მეურნეობა, ღვინო და სტუმართმოყვარეობა ქმნის შესაძლებლობას, რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“ – განაცხადა ილია ჯალაღანიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში.

ღონისძიებაზე ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი გამოცდილება და პროდუქცია წარადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვემო ქართლის ღვინის რეგიონული უნიკალურობის წარმოჩენას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მწარმოებლებს ახალი ბაზრების, მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიებაში დაეხმარება.

„ქვემო ქართლს აქვს მეღვინეობა-მევენახეობის გამორჩეული პოტენციალი და ჰყავს მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მეღვინეობის დარგის საერთო იდენტობის გაძლიერება, მისი უკეთ წარმოჩენა და ადგილობრივი მწარმოებლების ახალ ბაზრებთან დაკავშირება“- აღნიშნა ნატო ალთუნაშვილმა, ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების დირექტორმა.

ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იყო ქვემო ქართლისთვის შემუშავებული სასწავლო კურსი მევენახეობასა და მეღვინეობაში. კურსის მიზანია სექტორში საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„როგორც შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი, მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ღვინის ფორუმს, რომელიც წარმოაჩენს ქვემო ქართლის მეღვინეობის ისტორიას და მის შესაძლებლობებს რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება სხვადასხვა უწყებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. სწორედ ასეთი თანამშრომლობაა საჭირო იმისთვის, რომ ღვინისა და ტურიზმის სექტორებში არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. საჯარო და კერძო სექტორების კოორდინირებული მუშაობა და ინვესტიციები მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნას უწყობს ხელს.”– განაცხადა როჯერ ოუკლიმ, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) გუნდის ხელმძღვანელმა.

ფორუმი ქვემო ქართლის მეღვინეების ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. დეგუსტაციამ მონაწილეებს რეგიონის ღვინის გაცნობის, ხოლო მწარმოებლებს პოტენციურ პარტნიორებსა და მყიდველებთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცა.

ქვემო ქართლის ღვინის ფორუმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მხარდაჭერით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით გაიმართა.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტს (LEDP) ახორციელებს HELVETAS Swiss Intercooperation, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.