defsfeds

ცოდნა, რომელიც რეგიონს აძლიერებს

ქვემო ქართლში მევენახეობა და მეღვინეობა ათწლეულების ტრადიციას ითვლის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ღვინის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა და ორივე დარგის აღდგენას 34 წელი დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სექტორი ეტაპობრივად ვითარდება და იზრდება, ადგილობრივი მწარმოებლები კვლავ აწყდებიან თანამედროვე პრაქტიკების ნაკლებობას. ვენახის მოვლის, დაავადებების მართვისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიური ეტაპებზე იგრძნობა ცოდნის დეფიციტი. შედეგად, მცირე მეწარმეებს ხშირად უჭირთ ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას, ბაზარზე კონკურენტულად წარდგნენ და გაზარდონ შემოსავალი.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ რეგიონში პრაქტიკული საკონსულტაციო მომსახურება თითქმის არ არსებობდა. ადგილობრივ მეღვინეებსა და მევენახეებს ხშირად უწევდათ ინფორმაციის ფრაგმენტულად და არათანმიმდევრულად მოძიება, რაც დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა. ამიტომ ბევრი მცირე მეწარმე ვერ იყენებდა საკუთარი შესაძლებლობების სრულ პოტენციალს.

ნიკოლოზ ირემაშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო. ბოლნისში მცხოვრები მევენახე უკვე შვიდი წელია ღვინის წარმოებას ეწევა და საკუთარ ვენახს უვლის. გვიყვება, რომ მისი სიყვარული ვაზის მიმართ ბავშვობიდან იწყება:

„პირველად ჩემმა პაპამ ჩამაყენა საწნახელში, მაშინ ალბათ 11 წლის ვიქნებოდი. მე ვეხმარებოდი ხოლმე რთველშიც.“

ნიკოლოზის საქმიანობა მემკვიდრეობით მიღებული მცირე ვენახითა და მარნით დაიწყო. მეუღლისა და ორი ვაჟის დახმარებით თავად უძღვებოდა ყველაფერს – სხვლას, შეწამვლას და მოსავლის აღებას. წლების განმავლობაში შეძლო როგორც ვენახის გაზრდა და ახალი ჯიშების გაშენება, ასევე მეღვინეობის ეტაპობრივი განვითარებაც. ცოდნაც ნელ-ნელა დააგროვა – ექსპერიმენტებით, შეცდომებით და მეგობრებისგან მიღებული რჩევებით.

„მე მხოლოდ ყურძნის მოკრეფა ვიცოდი. საბაზისო ცოდნაც არ მქონდა.  ბევრ ნაბიჯს ინსტინქტით ვაკეთებდი და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნება მიჭირდა. ვენახს კი განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. კარგი ვენახიდან კარგი ყურძენი იკრიფება. ყურძენი უნდა იყოს საღი, რომ კარგი ღვინო დააყენო. როცა სირთულეებს წავაწყდი, გადავწყვიტე, რომ ეს დარგი შემესწავლა.“- ამბობს ის.

ნიკოლოზის მსგავსად, ქვემო ქართლში მრავალი მევენახე აწყდება სირთულეებს ვენახის მოვლის, დაავადებებთან გამკლავებისა და ღვინის დაყენების პროცესში. რეგიონში ხშირად იგრძნობა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, Helvetas-ის მიერ განხორციელებული პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ (LEDP) მიზნად ისახავს ქვემო ქართლში აგროსაკონსულტაციო სერვისების გაძლიერებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია ბოლნისის აგრო ცენტრი, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს რეგიონში მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერაში. ამ ეტაპზე ცენტრი ტექნიკურ დახმარებას ძირითადად ღვინის ჩამოსხმის პროცესში, ასევე კასრებისა და ტრადიციული ქვევრების გაწმენდაში უწევს მწარმოებლებს. საკონსულტაციო მომსახურება ერთი სპეციალისტის მიერ ხორციელდება და ძირითადად მეღვინეობის ობიექტებში ჰიგიენის სტანდარტებზეა კონცენტრირებული.

საკონსულტაციო სერვისების გაფართოების მიზნით, პროექტის მხარდაჭერით, აგრო ცენტრმა შეარჩია ადგილობრივი კონსულტანტები და მათთვის მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელა 6-თვიანი შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ნიკოლოზიც სწორედ ამ 9 კონსულტანტს შორისაა. მან საკუთარი გამოწვევებიდან დაიწყო და დღეს უკვე ზუსტად იცის, როგორ დაეხმაროს ვენახს, ღვინოს და რეგიონში მცხოვრებ სხვა მევენახეებსა და მეღვინეებს.

„მევენახეობა სწრაფად ვითარდება და ვენახის მოვლის მიდგომებიც იცვლება. დღეს ბევრი ახალგაზრდა აშენებს ვენახს, რაც სასიამოვნო პროცესია, თუმცა მათ ცოდნა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რეგიონში გადამზადებული კონსულტანტები გვყავდეს. მე დიდი სიამოვნებით გავუზიარებ  ჩემს ცოდნას ყველას, ვისაც ეს დარგი აინტერესებს.“ – აღნიშნავს ნიკოლოზი.

სწავლება მოიცავდა მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი მიმართულებების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს: ვაზის სხვლისა და ფორმირების წესებს, რეგიონში გავრცელებულ მავნებლებსა და დაავადებებს, ასევე ღვინის ტექნოლოგიურ პროცესებს, დუღილის კონტროლსა და ჰიგიენის სტანდარტებს. ჩატარებულმა პრაქტიკულმა სესიებმა მონაწილეებს მისცა კონკრეტული უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება როგორც საკუთარი წარმოების გაუმჯობესებაში, ისე რეგიონში მევენახეებისა და მეღვინეების დახმარებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის მონაცემებით, ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში, თეთრიწყაროსა და მარნეულში – 755 მევენახეა რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა ვენახსაც და ღვინის წარმოებასაც თავად მართავს. ამ რეალობაში ადგილობრივი, გადამზადებული კონსულტანტების ჯგუფი, მათ შორის ნიკოლოზიც, მნიშვნელოვან როლს ითავსებს: მათ მიერ შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პირდაპირ ეხმარება ასობით მევენახეს დღიურ საქმიანობაში, ახლის სწორად დანერგვაში და ხარისხისა და სტანდარტების გაუმჯობესებაში.

შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მანდატით, Helvetas-ი უკვე მეორე წელია ქვემო ქართლში მეღვინეობის სექტორის გაძლიერებაზე მუშაობს. პროექტის განხორციელების პროცესში ნათლად გამოიკვეთა, რომ ადგილზე მცხოვრებ და თავად ამ სფეროში ჩართულ კონსულტანტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერაში. მათი პროფესიული უნარების გაძლიერებით, პროექტი მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება – ის მცირე მეწარმეებს აძლევს თავდაჯერებას, რათა კომერციულ ბაზრებზე გასვლა და უფრო მდგრადი საარსებო წყაროების შექმნა შეძლონ. ამგვარად, თითოეული გადამზადებული კონსულტანტი ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელი ხდება.

„SDC-ისთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება იმ ცოდნის მეშვეობით, რომელიც მცირე მეწარმეებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ზრდისა და კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეებს ჰქონდეთ ინფორმირებული, ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა,“ – ამბობს ბარბარა ბონი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი.

SDC-ის მხარდაჭერით, Helvetas-ი მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში ცოდნის გაძლიერებას და იმ ნაბიჯების ხელშეწყობას, რომლებიც ქვემო ქართლის ეკონომიკას უფრო ძლიერ და კონკურენტუნარიან მომავალს უქმნის.

LEDP პროექტს ახორციელებს HELVETAS-ი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. პროექტი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას, ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერას.