defsfeds

ქვემო ქართლის მევენახეობა ცოდნის ახალ გზაზე

ქვემო ქართლის ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები დღეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის მონაცემებით, ბოლნისში 226, თეთრიწყაროში 262, ხოლო მარნეულში 267 უნიკალური მევენახეა რეგისტრირებული. მთლიანობაში სამ მუნიციპალიტეტში 700-ზე მეტი მევენახე საქმიანობს, რომელთა უმეტესობა ერთდროულად როგორც ვენახს უვლის, ასევე ღვინოსაც აწარმოებს.

რეგიონის განსაკუთრებული ბუნებრივი პირობების გამო, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მიკროზონებს ადგილწარმოშობის სტატუსი მიენიჭა, რაც მევენახეებს აძლევს საშუალებას, აწარმოონ ნიშური ღვინოები მკვეთრად გამორჩეული გემოვნური მახასიათებლებით.

რეგიონის უნიკალური პოტენციალის მიუხედავად, მევენახეობა-მეღვინეობის პროცესში ჯერ კიდევ მრავლად არის გამოწვევები. ვენახის მოვლიდან დაწყებული, ღვინის დაყენებასა და საბოლოო პროდუქტის წარმოებამდე, ხშირად იგრძნობა ცოდნის ნაკლებობა და დაუმკვიდრებელი პრაქტიკები.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, პროექტმა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ (LEDP) დაიწყო ინიციატივა, რომლის მიზანიც ადგილობრივი საკონსულტაციო სერვისების გაძლიერებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტექნოლოგის საკონსულტაციო მომსახურება ადგილზე მიეწოდოს მევენახეებსა და მეღვინეებს და ამ მიზნით გადამზადდნენ ადგილობრივი სპეციალისტები, რათა კონსულტაციები რეგულარულად იყოს ხელმისაწვდომი. ამ პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებს ბოლნისის აგრო ცენტრი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს როგორც ტექნიკური და საკონსულტაციო სერვისების მიმწოდებელი.

პროექტის მხარდაჭერით, აგრო ცენტრმა შეარჩია ადგილობრივი კონსულტანტები, რომლებმაც პირველ ეტაპზე გაიარეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება მევენახეობის მიმართულებებით. სწავლება მოიცავდა ვაზის მოვლას სრული სავეგეტაციო ციკლის განმავლობაში, სხვლის წესებსა და ვადებს, მწვანე ოპერაციების ჩატარებას, მავნებლებისა და დაავადებების ამოცნობასა და კონტროლს. მონაწილეებმა ასევე იმუშავეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ვაზის მზის დამწვრობა და მისი მართვის პრაქტიკული მეთოდები.

სწავლება ჩაატარა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორმა, ასისტენტ-პროფესორმა თეკლე ზაკალაშვილმა, რომელიც აღნიშნავს:

„მონაწილეებმა გაიარეს ქვემო ქართლის რეგიონზე მორგებული პროგრამა, რომელიც მოიცავდა მევენახეობის ძირითად ასპექტებს. კურსის ფარგლებში გვქონდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ლექციები. მაგალითად ვაზის სხვლა, სხვლასთან ასოცირებული პრობლემები, წესები და ვადები. გავიარეთ რეგიონში აქტიური მავნებლები, დაავადებები, მათ შორის სოკოვანი, ფიტოპლაზმური თუ ვირუსული დაავადებები.”

თეკლა აღნიშნავს, რომ პრაქტიკული სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კლიმატის ცვლილების ფონზე მევენახეები მუდმივად ახალ გამოწვევებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ვენახებში ვიზიტმა და ვაზის განსხვავებულ ჯიშებთან თუ ფორმირების მეთოდებთან უშუალო შეხებამ მონაწილეებს გაცილებით მეტი გამოცდილება და ცოდნა შესძინა.

აღნიშნული კურსი სულ 9 კონსულტანტმა გაიარა, აქედან 2 სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ექსტენციონისტია და დანარჩენი 7 დამოუკიდებელია. მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ერთად ძალიან ეფექტურია.

„ტრენინგზე ისეთი საკითხები გავიარეთ, რომელთა შესახებ მხოლოდ ზოგადი ცოდნა გვქონდა. ახლა უკვე კონკრეტული მეთოდებით შეგვიძლია ვენახის მართვა. სასურველია მსგავსი პროგრამები გაგრძელდეს და პრაქტიკას კიდევ მეტი დრო დაეთმოს.“ – აღნიშნავს გოჩა ლიპარტელიანი.

მისივე კოლეგა, მირიან ურუმაშვილი, ყურადღებას ამახვილებს დაავადებების პრევენციასა და ვაზის სწორი კვების მნიშვნელობაზე:

„ახალი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, დაავადებები დროულად შევამჩნიოთ და ვაზს დავეხმაროთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი აუცილებელია მეტი პრაქტიკული გამოცდილება, მეტი მაგალითი და მუშაობა სხვადასხვა ტიპის ვენახში.“

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი ცოდნის გაზიარებას მომავალშიც გააგრძელებს, შემდეგ ეტაპზე კონსულტანტები თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უკვე მეღვინეობაში გაივლიან.

პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.