defsfeds

ღვინის სექტორის ეკონომიკური პოტენციალი და გამოწვევები ქვემო ქართლში

ქვემო ქართლს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომელიც ქართული და ევროპული კულტურების მჭიდრო ურთიერთქმედების შედეგია. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი – თეთრიწყარო, ბოლნისი, და მარნეული გამოირჩევა ღვინის წარმოების განსაკუთრებული  პრაქტიკით.

მე-19 საუკუნის ბოლოდან რეგიონის მეღვინეობის განვითარებაში  მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელთა სუბეთნიკურმა ჯგუფმა – შვაბებმა. მათ ღვინის წარმოებაში ევროპული გამოცდილება შემოიტანეს და ადგილობრივ ტრადიციებთან გააერთიანეს. შედეგად, ჩამოყალიბდა ღვინის უნიკალური სტილი, რომელიც დღემდე დიდი ინტერესის საგანია.

ბოლნისისა და თეთრიწყაროს ღვინოების განსაკუთრებულობას ზრდის მათი ადგილწარმოშობის სტატუსი. 2019 წელს ბოლნისის ღვინოს, ხოლო 2022 წელს თეთრიწყაროს (ასურეთის მიკროზონას) მიენიჭა ეს სტატუსი. ადგილწარმოშობის დასახელება განსაზღვრავს ღვინის შემადგენლობის სტანდარტებს, გემოვნურ მახასიათებლებს და წარმოების ეტაპებს, რაც მას ხარისხის გარანტიას ანიჭებს.

2023 წლის მონაცემებით, ბოლნისსა და თეთრიწყაროში რეგისტრირებულია 755 უნიკალური მევენახე, რაც რეგიონში მევენახეების საერთო რაოდენობის 50%-ს შეადგენს. ბოლნისის სავენახე ფართობი 590 ჰექტარია, თეთრიწყაროსი – 116 ჰექტარი, ხოლო მარნეულის – 304 ჰექტარი. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეგიონი შეიძლება ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვან ღვინის საწარმოო ჰაბად.

მეღვინეობის სექტორის გამოწვევები

მიუხედავად მზარდი პოტენციალისა, ქვემო ქართლის მეღვინეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. 2024 წლიდან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) მუშაობს ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში, რათა გამოავლინოს სექტორში არსებული ხარვეზები. პროექტმა ტექნიკური კონსულტანტის ჩართულობით შეისწავლა, თუ რა ცოდნაა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ვენახის მოვლის, ღვინის წარმოებისა და საბოლოოდ მომხმარებლამდე მიტანის პროცესში და კერძო სექტორის ჩართულობით, როგორ შეიძლება უპასუხონ არსებულ გამოწვევებს. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • ვენახების გაშენების არასტანდარტული მეთოდების გამო ტექნიკის გამოყენება რთულდება, რაც ხარჯების შემცირებას და წარმოების ეფექტიანობის ზრდას აფერხებს.
  • რთველის არასათანადო დაგეგმვა და ლაბორატორიული ანალიზის ნაკლებობა გავლენას ახდენს ყურძნის ხარისხზე.
  • მეწარმეებს არ აქვთ საკმარისი წვდომა ტექნიკურ კონსულტაციებზე და ხშირად მხოლოდ პირად გამოცდილებას ეყრდნობიან.
  • ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის კუთხით კოორდინაცია დაბალია, რის გამოც სექტორი სრულად არ იყენებს საკუთარ პოტენციალს.

ქვემო ქართლში ღვინის სექტორის განვითარების პოტენციალი დიდია, თუმცა მისი სრულად გამოყენება საჭიროებს ადგილობრივ მეწარმეებს, მუნიციპალიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას, რაც შეიძლება გახდეს რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

პროექტის ხედვა და მხარდაჭერის მექანიზმები

პროექტი მიზნად ისახავს მეღვინეობის სექტორის გაძლიერებას სტრატეგიული მიდგომით, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს მდგრადი განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობა –  ბოლნისის ღვინის ასოციაცია და ასურეთის რეგიონული განვითარების ცენტრი   აქტიურად მუშაობენ ადგილწარმოშობის ღვინის სტატუსის დაცვაზე, პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბაზრის გაფართოებაზე. პროექტი მათთან ერთად განახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი ღვინის უკეთესად წარმოჩენას და რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

მეწარმეთა ტექნიკური დახმარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტი გეგმავს აგროოპერაციების, ვენახის მოვლისა და ღვინის წარმოების საკონსულტაციო სერვისების ადგილზე დანერგვას ბოლნისის აგროცენტრში, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და წარმოების ოპტიმიზაციას. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით გერმანიაში, ბავარიის რეგიონში, სადაც ქართულ ღვინოზე მზარდი მოთხოვნაა. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს შვაბური ტექნოლოგიის პოპულარიზაციაში და მათ დაკავშირებაში გერმანულ პარტნიორებთან. ბოლნისის აგროცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაში. მისი საშუალებით, მეწარმეებს მუდმივი საკონსულტაციო მხარდაჭერა ექნებათ, რაც ღვინის წარმოების პროცესს უფრო ორგანიზებულსა და ეფექტურს გახდის. ასეთი კოორდინირებული ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის ღვინის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც საბოლოოდ სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარების კუთხით. მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ცოდნის გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მეღვინეობის სექტორს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას.

პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.