საქართველოში ჩაის ინდუსტრია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილიც. გურიის რეგიონი, თავისი უნიკალური კლიმატითა და ნაყოფიერი ნიადაგით, ყოველთვის წარმოადგენდა ჩაის წარმოებისთვის იდეალურ გარემოს. თუმცა, წლების განმავლობაში მრავალი გამოწვევის გამო, გურიის ჩაიმ დაკარგა თავისი ძლიერი პოზიციები, და მისი აღდგენა კერძო სექტორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანებულ ძალისხმევას მოითხოვს.
დღეს გურიაში ჩაის ინდუსტრია აერთიანებს ასობით ფერმერსა და ათობით გადამამუშავებელ კომპანიას, რომლებიც ყოველწლიურად დაახლოებით 100 ტონა მაღალი ხარისხის ჩაის აწარმოებენ. მიუხედავად სირთულეებისა, გურიის ჩაი კვლავ რეგიონული ეკონომიკის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა. ტრადიციული ცოდნის აღდგენა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ქმნის მყარ საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩაის სექტორის გაძლიერებასა და შიდა თუ საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციების გამყარებას.
გურიის ჩაის სექტორის გამოწვევები
მიუხედავად მდიდარი ისტორიისა და ეკონომიკური პოტენციალისა, გურიის ჩაის ინდუსტრია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. სწორედ ამ გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირების მიზნით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა (LEDP) 2024 წელს ჩაის გადამამუშავებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე გამოიკვეთა რამდენიმე კრიტიკული საკითხი:
- ფინანსური რესურსების სიმცირე, რომლებიც ხელს უშლის მეწარმეებს წარმოების გაფართოებასა და მოდერნიზებაში;
- ბაზრებზე წვდომის სირთულეები, რაც უკავშირდება გაყიდვების არხების დეფიციტს, ქართული ჩაის დაბალ ცნობადობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე;
- დარგის სპეციალისტების დეფიციტი და ცოდნის არარსებობა, რომელიც მეწარმეებს ხელს უშლის მაღალი ხარისხის და ერთგვაროვანი ჩაის წარმოებაში.
გარდა ამისა, აღინიშნა სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვების სირთულე რისი ნაკლებობაც სექტორში ჩართულ პირებს ხელს უშლის გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვაში. ამ გამოწვევების გადაჭრა მოითხოვს კოორდინირებულ და მრავალმხრივ მიდგომას, რაც ჩაის სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

პროექტის სტრატეგიული ხედვა
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მიზანია გურიაში ჩაის სექტორის გაძლიერება და მისი რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკვანძო მიმართულებად ქცევა. პროექტის სტრატეგია ემყარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და ინკლუზიური მიდგომების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს სექტორის მდგრადობასა და გრძელვადიან წარმატებას.
პირველ ეტაპზე პროექტი გეგმავს ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის დეტალურ ანალიზს, რათა შეისწავლოს ჩაის წარმოებისა და გადამუშავების არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები. ეს მონაცემები პროექტს დაეხმარება, შეიმუშაოს საჭიროებებზე მორგებული, კონკრეტული და ეფექტური სტრატეგიები. კვლევის შედეგები აქტიურად განიხილება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მათი ჩართულობისა და მხარდაჭერის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
შემდგომი ნაბიჯები მოიცავს:
- ბიზნეს ასოციაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად წარმოადგინონ და დაიცვან მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესები.
- მცირე და საშუალო ბიზნესების წვდომის გაუმჯობესებას თანამედროვე სერვისებსა და ტექნიკურ ექსპერტიზაზე, რაც ხელს შეუწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
- ჩაის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზციის ხელშეწყობას, რაც გააუმჯობესებს ჩაის მწარმოებლების ბაზარზე წვდომას და გაყიდვების ზრდას.
- ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული პირების უნარების გაუმჯობესაბას, რაც ხელს შეუწყობს სექტორში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად გამკლავებას.
პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც უზრუნველყოფს დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებას და რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას.
ამასთან, ინკლუზიური განვითარება პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გურიის ჩაის სექტორი მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროა ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. პროექტის მიზანია მათი ჩართულობის გაზრდა და შესაძლებლობების გაძლიერება, რაც არა მხოლოდ სოციალურ თანასწორობას, არამედ რეგიონული ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
