შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები სამეგრელოსა და გურიაში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) განხორციელების პროგრესს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სექტორულ საკოორდინაციო პლატფორმებთან. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს პროექტი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას – ბიზნესების გაძლიერების, სექტორული კოორდინაციისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის გზით.
ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ ზუგდიდში მოქმედი Growth Hub-ის საქმიანობას, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს აკავშირებს ეროვნულ პროგრამებთან და სთავაზობს ბიზნესის განვითარების სერვისებს. ასევე მოინახულეს ფოთში მოქმედი მცირე ბიზნესები, სადაც ჩანს, როგორ ვითარდება ეტაპობრივად ტურისტული სერვისები კოლხეთის რეოვნული პარკის გარშემო.
„მცირე ტურისტული ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოტურიზმის განვითარებაში – ქმნიან სამუშაო ადგილებს, აძლიერებენ ადგილობრივ ეკონომიკას და ამცირებენ მიგრაციას. ჩვენ ვიზიტორებს ვთავაზობთ ბუნებასთან ახლო, კომფორტულ გამოცდილებას წყლისპირა გარემოში, სხვადასხვა აქტივობითა და მშვიდი დასვენების შესაძლებლობით.“- აღნიშნავს ოთარ ძნელაძე, ეკო კოტეჯის “ლივლივი” დამფუძნებელი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტების ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოსთან, რომელიც უზრუნველყოფს კოლხეთის ეროვნული პარკის გარშემო მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციას და ერთიანი ტურისტული მიმართულების განვითარებას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კოლხეთის ეროვნული პარკის გარშემო ტურიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
„მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა კოლხეთის ეროვნული პარკის პოტენციალს რეალურ შესაძლებლობებად აქცევს და მას მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად აყალიბებს როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის მასშტაბით მოგზაური ვიზიტორებისთვის.“- აღნიშნავს ბარბარა ბონი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
გურიაში ვიზიტი დაეთმო ჩაის სექტორს, სადაც მონაწილეები გაეცნენ როგორც ჩაის საწარმოებს, ისე პროექტის მხარდაჭერით შექმნილი ჩაის გაერთიანების, „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“, საქმიანობას, სექტორის გამოწვევებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ვიზიტის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ პროექტის მიდგომა ეფუძნება ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებას სხვადასხვა აქტორს შორის – ბიზნესებს, მუნიციპალიტეტებსა და სექტორულ პლატფორმებს შორის. ასეთი კოორდინაცია ქმნის საფუძველს უფრო მდგრადი და თანმიმდევრული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის რეგიონებში.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მანდატით და მას ახორციელებს Helvetas. პროექტი ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას, ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას და კერძო სექტორის გაძლიერებას.


























