defsfeds

ქვემო ქართლის ღვინის სექტორის წარმომადგენლები გერმანიაში ერთობლივი მუშაობის გამოცდილებას გაეცნენ

ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების წევრები, მეღვინეები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გერმანიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი პასუხობს რეგიონის ღვინის სექტორში არსებულ საჭიროებას – გაძლიერდეს თანამშრომლობა, კოორდინაცია და ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომები.

ვიზიტის მიზანი იყო არა მხოლოდ გამოცდილების გაცნობა, არამედ იმ პრაქტიკული მოდელების ნახვა, თუ როგორ მუშაობს ძლიერი ღვინის სექტორი მაშინ, როცა მეწარმეები ერთობლივად და კოორდინირებულად მოქმედებენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა რაინლანდ პფალცის რეგიონში მოქმედი ღვინის კოოპერატივები. ადგილზე გაეცნენ, როგორ ერთიანდებიან მცირე და დიდი მწარმოებლები ერთ სისტემაში, როგორ ინარჩუნებენ რეგიონულ იდენტობას და ამავე დროს ქმნიან კონკურენტუნარიან პროდუქტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეტაპზე, როცა ქვემო ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ღვინის სექტორის გაძლიერება და მწარმოებლების გაერთიანება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალურად – როგორ არის ორგანიზებული გაერთიანება, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და როგორ ვითარდება სექტორი დროთა განმავლობაში. ეს გვაძლევს კონკრეტულ იდეებს, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება,“ – აღნიშნავს გაერთიანების დირექტორი, ნატო ალთუნაშვილი.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დიუსელდორფში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში Pro Wein 2026 მონაწილეობა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ პოტენციურ მყიდველებს, დისტრიბუტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს, გაეცნოთ ბაზრის მოთხოვნები და ენახათ, როგორ ხდება პროდუქტის წარდგენა საერთაშორისო სივრცეში.

ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის ღვინის უკეთ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე და მეწარმეებისთვის ახალი კომერციული შესაძლებლობების გაჩენას.

„ღვინის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია – განსაკუთრებით ახალი რეგიონების, გემოების და ტექნოლოგიების მიმართ, თუმცა ასევე ძველი ტრადიციების მიმართაც, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ ვნახოთ მომხმარებლების რეაქცია, მოვისმინოთ პოტენციური მყიდველების შეფასებები და უკეთ გავიგოთ მათი დამოკიდებულება ქართული ღვინის მიმართ,“ – ამბობს ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გურამ ავქოფაშვილი.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ასევე შეხვდნენ რაინლანდ პფალცის სოფლის განვითარების საკონსულტაციო-სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებს. მათგან მიიღეს ინფორმაცია, როგორ ეხმარება მსგავსი სერვისები მევენახეებსა და მეღვინეებს ცოდნის გაღრმავებაში, ტექნოლოგიების დანერგვასა და წარმოების გაუმჯობესებაში. ცენტრი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და ინოვაციურ ჰაბს, რომელსაც აქვს პროფესიული სკოლა და სასწავლო-საკვლევი მეურნეობა, 100 ჰექტარზე მეტი ექსპერიმენტული ფართობით. მისი საქმიანობა ორიენტირებულია პრაქტიკულ, გამოყენებით კვლევაზე და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

დელეგაცია ასევე შეხვდა ბოლნისსა და ასურეთში ისტორიულ წარსულში გერმანული დასახლებების შთამომავლებს. შეხვედრა საფუძვლად დაედო სამომავლო თანამშრომლობას, რომელიც კულტურული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ამ კავშირებს ასევე აქვს პოტენციალი, გააძლიეროს რეგიონის ტურისტული და მარკეტინგული მიმართულებები.

ვიზიტის შედეგად, მონაწილეები გეგმავენ მიღებული გამოცდილების გამოყენებას ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების საქმიანობის გაუმჯობესებისა და სექტორში კოორდინაციის გაძლიერებისთვის.

ეს გამოცდილება გაერთიანებას დაეხმარება, უფრო მკაფიოდ განსაზღვროს თავისი როლი და გააძლიეროს თანამშრომლობა როგორც მეწარმეებთან, ისე ადგილობრივ სერვისებთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის სექტორის კონკურენტუნარიანობას.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მხარდაჭერით. LEDP პროექტს ახორციელებს Helvetas-ი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. პროექტი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას, ეკონომიკური შესაძლებლობების და კერძო სექტორის განვითარებას.