8 მაისს, Helvetas-ის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა ქართლის რეგიონში ღვინის ბაზრის ეკონომიკური პოტენციალის კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მევენახეები, მეღვინეები, კერძო სექტორის, სახელმწიფო სააგენტოების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
კვლევა განხორციელდა DEPA კონსალტინგის მიერ და მისი მიზანი იყო ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის არსებული მდგომარეობის შეფასება, სექტორში არსებული სისტემური გამოწვევების, შესაძლებლობებისა და განვითარების ბარიერების გამოვლენა.
„ღვინის სექტორის ეკონომიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად, სექტორს აქვს განვითარების პოტენციალი. მისი გაძლიერება ქვემო ქართლში ქმნის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით შესაძლებლობებს. ამისთვის საჭიროა სისტემური მიდგომის დანერგვა, რაც გულისხმობს ცოდნის გაღრმავებას, ფინანსურ და ტექნოლოგიურ ხელმისაწვდომობას ზრდას” – აღნიშნა LEDP-ის კომპონენტის მენეჯერმა, ნესტან მერმანიშვილმა.



კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ძირითადი ბარიერები, როგორიცაა ვენახებისა და საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური ჩამორჩენა, ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული სერვისების ნაკლებობა, ცოდნის დეფიციტი თანამედროვე მეღვინეობაში, სუსტი კოოპერაცია და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საჭიროება სისტემური და კომპლექსური მიდგომის მიმართ, რომელიც მოიცავს როგორც მევენახეებისა და მეღვინეების პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის ხარისხის კონტროლის მექანიზმების განვითარებას.
„ჰელვეტასის მხარდაჭერით, ღვინის სექტორში მოქმედ რამდენიმე ასოციაციას ეძლევა შესაძლებლობა გაერთიანდეს. ეს დაგვეხმარება ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაში და რაც მთავარია, ზუსტად გავაცნობიეროთ, რა გვაკლია და რა გვჭირდება განვითარებისათვის,“ – აღნიშნა გურამ ავქოფაშვილმა, გაერთიანება ღვინო ბოლნისის დირექტორმა.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) მიზნად ისახავს ქვემო ქართლში ღვინის სექტორის მხარდაჭერასა და გაძლიერებას. პროექტი უწყობს ხელს მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროდუქტიულობის ზრდას და სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.





