defsfeds

სენაკში კოლხეთის ერთიანი ტურისტული ბრენდის შესაქმნელად 36-საათიანი იდეათონი გაიმართა

18-19 ივლისს, სენაკის ტექნოპარკში, 36-საათიანი იდეათონი „შექმენი კოლხეთის ბრენდი“ გაიმართა. ღონისძიებამ 50-მდე შერჩეული მონაწილე, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები, დარგის სპეციალისტები და კრეატიული პროფესიონალები გააერთიანა. მონაწილეები გუნდებად მუშაობდნენ კოლხეთის, როგორც ერთიანი ტურისტული დანიშნულების ადგილის, ბრენდის კონცეფციის შექმნაზე.

კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც ფოთის, სენაკის, აბაშის, ხობის, ზუგდიდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობით და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. პარკი რეგიონის ტურისტული პოტენციალის ცენტრალური ნაწილია, თუმცა ეს პოტენციალი მის ფარგლებს სცდება და ადგილობრივ კულტურას, გასტრონომიასა და მრავალფეროვან სათავგადასავლო გამოცდილებებსაც მოიცავს.

იდეათონის მიზანი იყო კოლხეთის უნიკალური ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული მახასიათებლების კონკურენტუნარიან ბრენდულ იდენტობად ჩამოყალიბება და ექვს მუნიციპალიტეტში მდგრადი ტურიზმის განვითარების, შემოსავლების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. იდეათონში მონაწილე ცამეტმა გუნდმა შეიმუშავა განხორციელებადი ბრენდის კონცეფციები, რომლებიც კოლხეთს ერთიან და ცნობად ტურისტულ მიმართულებად წარმოაჩენდა და, ამავდროულად, თითოეული ადგილის იდენტობასა და ავთენტურობას ინარჩუნებდა.

„კოლხეთის ერთიანი ბრენდის ჩამოყალიბება საშუალებას მოგვცემს, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები უფრო ეფექტურად წარმოვაჩინოთ, გავზარდოთ მისი ცნობადობა, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი და შევქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესებისთვის“, – აღნიშნა სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ჯიქიამ.

სამუშაო სესიები შეეხებოდა ბრენდის პოზიციონირებას, უნიკალური ღირებულებისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, ბრენდის გზავნილს, სთორითელინგს, ვიზუალურ მიმართულებასა და ვიზიტორის გამოცდილებას. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო მაგალითები და იდეათონის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები.

ინტენსიურმა სამუშაო ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეერთიანებინათ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება და ხედვები, ეტაპობრივად განევითარებინათ იდეები და მენტორებისგან მიღებული პრაქტიკული უკუკავშირი უშუალოდ ბრენდის კონცეფციებში აესახათ.

როგორც იდეათონის ერთ-ერთი მონაწილე, ივა ჯაფარიძე, აღნიშნავს „იდეათონის პროცესში დავინახეთ, რომ კოლხეთის მთავარი ძალა მის მრავალფეროვნებაშია. გვინდოდა, რეგიონი არა ცალკეული ადგილების ერთობლიობად, არამედ ერთიან და დასამახსოვრებელ გამოცდილებად წარმოგვეჩინა. განსხვავებული პროფესიული ხედვების გაზიარება და გუნდური მუშაობა დაგვეხმარა, ჩვენი იდეა ერთიან ბრენდულ მიმართულებად ჩამოგვეყალიბებინა.“

ღონისძიების დასასრულს გუნდებმა შემუშავებული კონცეფციები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ნამუშევრები შეფასდა კოლხეთის იდენტობასთან შესაბამისობის, კონცეფციის ლოგიკურობისა და სრულყოფილების, ვიზუალური მიმართულების, განხორციელებადობისა და პრეზენტაციის ხარისხის მიხედვით. გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცა.

იდეათონის მთავარი შედეგი მხოლოდ ცალკეული ბრენდის კონცეფციების შექმნა არ ყოფილა. პროცესმა აჩვენა, რომ კოლხეთის გარშემო ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება შესაძლებელია აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით. მონაწილეების მიერ შემუშავებულმა კონცეფციებმა რეგიონი თანამედროვე ფორმით წარმოაჩინა და გაითვალისწინა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესები. სამომავლოდ, ამ იდეების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს კოლხეთის ერთიანი, ცნობადი და კონკურენტუნარიანი ტურისტული ბრენდის შესაქმნელად.

იდეათონი ჩატარდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მიერ, თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან (Commschool), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) თანამშრომლობით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ კოლხეთის ეროვნული პარკი და ზუგდიდის, ფოთის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტს ახორციელებს HELVETAS Swiss Intercooperation-ი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.