15 აპრილის, ოზურგეთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე LED პროექტის გუნდმა, DEPA Consulting-თან ერთად ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შედეგები გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩაის ადგილობრივი მწარმოებლები, ფერმერები, ჩაის ექსპერტები და პარტნიორი ორგანიზაციები.
ღონისძიება გახსნა LEDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, გვანცა ირემაშვილმა, ხოლო მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის პროგრამის ოფიცერიმა, სოფია სვანაძემ, ასოციაციის „ჩაის გზა“ ხელმძღვანელმა, ალეკო მამეშვილმა და DEPA Consulting-ის წარმომადგენელმა, ზაზა ბარბაქაძემ.
„კვლევა აანალიზებს ჩაის ღირებულებათა ჯაჭვს, ანუ იმ პროცესს თუ როგორ ხდება გურული ახლად დაკრეფილი ჩაის ბუჩქიდან ჩვენს ფინჯნამდე – რა გზას გადის და რა გამოწვევებს აწყდება. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივი ძალებით და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ეს პროცესი გავხადოთ უფრო წარმატებული, შემოსავლიანი და განვითარების თვალსაზრისით საინტერესო“. – აღნიშნა გვანცა ირემაშვილმა.
ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა და მისი მიზანი გურიის ჩაის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და გაყიდვების ძირითადი გამოწვევების და შესაძლებლობების შესწავლა იყო. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე სისტემური პრობლემა, მათ შორის:
- პლანტაციების მოძველებული და ფრაგმენტირებული სტრუქტურა;
- თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა;
- კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი;
- გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის სუსტი განვითარება;
- ქართული ჩაის დაბალი ცნობადობა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე;
- გაყიდვების სიმცირე და სირთულეები ბაზარზე შეღწევადობის მხრივ, როგორც საცალო ქსელებში, ასევე HoReCa სექტორში.
„ამ ეტაპზე ჩაის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროდუქციის რეალიზაციაა. მეწარმეების უმრავლესობას აქვს დასაწყობებული ჩაი, რომელიც ვერ იყიდება. პრობლემები გვექმნება როგორც HoReCa სექტორთან თანამშრომლობის, ისე – ქართულ და უცხოურ ბაზრებზე გასვლის კუთხით“, – აღნიშნა ლანა ჟღენტმა, კოოპერატივი მელექედურის გამგეობის თავმჯდომარემ.
დღის მეორე ნახევარში მონაწილეები მცირე სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები, გადაწყვეტის გზები და თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს გურიის ჩაის სექტორის გაძლიერებას.
LEDP-ს მიზანია, ადგილობრივი რესურსების უკეთ გამოყენებით და ტექნიკური მხარდაჭერით დაეხმაროს ჩაის მწარმოებლებს სექტორის მდგრად განვითარებაში. პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.











