defsfeds

ასურეთში ღვინის მულტიფუნქციური სივრცის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

26 მარტს, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა (LEDP) ასურეთში ღვინის სადეგუსტაციო მულტიფუნქციური სივრცის მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე პროექტის პარტნიორებმა და ადგილობრივმა დაინტერესებულმა მხარეებმა ერთობლივად იმსჯელეს სივრცის განვითარების ხედვაზე და მის ეკონომიკურ პოტენციალზე.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ:

  • ასურეთის ტურისტული და ვიზიტორთა პოტენციალის შეფასების შედეგებს;
  • დაგეგმილი სივრცის ბიზნეს მოდელსა და ფინანსურ ანალიზს;
  • ტექნიკური მოწყობის წინასწარ ხედვასა და კონცეფციას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მულტიფუნქციური სივრცის შესაძლო გავლენას რეგიონის მეღვინეობის განვითარებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე. აღინიშნა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეთა გაძლიერებას, კომერციული შესაძლებლობების გაფართოებას და ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობას.

„ასურეთი, თავისი გამორჩეული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, შევისწავლეთ ყოფილი გერმანული საბავშვო ბაღის შენობის გარდაქმნის პოტენციალი სადეგუსტაციო და მულტიფუნქციურ სივრცედ – როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური გავლენის კუთხით.“ – აღნიშნა ნესტან მერმანიშვილი, LEDP პროექტის კომპონენტის მენეჯერმა.

ღონისძიება მოიცავდა როგორც პრეზენტაციებს, ასევე თემატურ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

  • მულტიფუნქციური სივრცის სტრატეგიული განვითარების გზაზე;
  • მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებიც ღვინის კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს;
  • მობილური საწარმოო სერვისების ეფექტიან მართვაზე სეზონური დატვირთვების პირობებში;
  • სივრცის ორგანიზაციული მართვის მოდელზე, სერვისების ფასებზე და პერსონალის შერჩევის პრინციპებზე.

პროექტს ახორციელებს HELVETAS Swiss Intercooperation და WINS Global Consult-ის კონსორციუმი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საფუძვლების შექმნა ადგილობრივი ბიზნესების და მეწარმეების ხელშეწყობით.