defsfeds

მომავლის ეკოტურიზმი კოლხეთში

რა სჭირდება კოლხეთის ეროვნულ პარკს, რათა ის საქართველოში ეკოტურიზმის ერთ-ერთ წამყვან ადგილად იქცეს? ამ კითხვაზე პასუხების ძებნა ბათუმში გამართულ Tourister Summit 2025-ზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სამიტმა ერთ სივრცეში შეკრიბა ტურიზმის სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლები, ტექნოლოგიურ სექტორში მოქმედი კომპანიები და ტურისტული ოპერატორები. მათი ჩართულობა განსაზღვრავს, თუ რა ადგილს დაიკავებს კოლხეთის ეროვნული პარკი ქვეყნის ტურიზმის მომავალ რუკაზე.

Tourister Summit-ზე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა (LEDP)“ პარტნიორებთან ერთად წარმოაჩინა კოლხეთის ეროვნული პარკი, როგორც ახალი და მზარდი ტურისტული დანიშნულების ადგილი. აქ ბუნებრივი სიმდიდრე, ადგილობრივი გამოცდილებები და ეკონომიკური შესაძლებლობები ერთმანეთს ავსებს. საუბარი შეეხო პარკს არა მხოლოდ როგორც დაცულ სივრცეს, არამედ როგორც იმ რესურსს, რომლის განვითარება პარკის ირგვლივ მდებარე 33 სოფელში რეალურ ეკონომიკურ სარგებელს შექმნის.

გამოწვევები და შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული სივრცეა, მისი ტურისტული პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივ არის ათვისებული. მიზეზები დაკავშირებულია იმასთან, რომ პარკის გარშემო მდებარე ექვს მუნიციპალიტეტს შორის კოორდინაცია დაბალია, სერვისები შეზღუდულია, ინფრასტრუქტურა განვითარებას საჭიროებს და სერვისების შესახებ ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ხშირად ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი.

Tourister Summit-მა ნათლად წარმოაჩინა, რა ნაბიჯებია აუცილებელი პარკის ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოსაყენებლად. ტუროპერატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ სჭირდებათ ზუსტი ინფორმაცია არსებული მარშრუტების, მომსახურებების სტანდარტების და უსაფრთხოების პირობების შესახებ. მათივე თქმით, ტურისტისთვის ყველაზე მიმზიდველია წყლის აქტივობები (კაიაკინგი, ჯომარდობა, ნავებით გასეირნება), ფრინველებზე დაკვირვება, მოკლე საფეხმავლო ბილიკები, საგანმანათლებლო ტურები  და ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობა. სწორედ ამ ტიპის გამოცდილებები ქმნის დღეს ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის ძირითად მიმართულებას, და სწორედ ესაა ის, რასაც კოლხეთი ბუნებრივად სთავაზობს ვიზიტორებს.

თანამშრომლობის გაძლიერება და LEDP-ის როლი

2024 წლიდან პარკის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები ერთობლივად მუშაობენ ახალ საფეხმავლო, საველოსიპედე და წყლის მარშრუტებზე. ეს პროცესი LEDP-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პარკის ირგვლივ ბილიკების და შესასვლელების მოწყობა გაზრდის პარკზე წვდომას, გააჩენს დამატებით ტურისტულ მომსახურებებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის   ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის.

LEDP-ის მიზანი სწორედ ამ თანამშრომლობის გაძლიერებაა. პროექტი ხელს უწყობს ეკოტურიზმის განვითარებას კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის მიმდებარე სოფლებში მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობისა და კერძო სექტორის ჩართულობის გზით. პროექტი კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებულ ინიციატივებს მხარს უჭერს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს, რომ დაგეგმვისა და თანამშრომლობის თითოეული ნაბიჯი სრულად შეესაბამებოდეს პარკის დაცვისა და მისი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს. ამავდროულად, პროექტი აძლიერებს ადგილობრივ საჯარო-კერძო თანამშრომლობას, იკვლევს ტურიზმისა და ეკო-სისტემის პოტენციალს, განსაზღვრავს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს და მხარს უჭერს ეკო-მეგობრული სერვისების განვითარებას პარკის ტერიტორიაზე და მის გარშემო.

ამ თანამშრომლობის ვიზუალური ჩარჩო ასახულია LEDP-ის მიერ შექმნილი ეკო-კოლხეთის ინტერაქტიულ რუკაზე  – www.ecokolkheti.ge.  რუკა აჩვენებს იმ ბილიკებს, რომლებიც ეტაპობრივად ვითარდება და მომავალში ვიზიტორებს პარკის უკეთ გაცნობაში დაეხმარება. რუკა წარმოადგენს საერთო ხედვას კოლხეთის დღევანდელ მდგომარეობასა და მისი განვითარების მიმართულებებზე.

პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.