1 მაისს, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა (LEDP) კვლევის „კოლხეთის ეროვნული პარკისა და მიმდებარე ტერიტორიების ეკონომიკური პოტენციალის“ პირველადი შედეგების წარდგენა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, კერძო სექტორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნა LEDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, გვანცა ირემაშვილმა. კვლევის ძირითადი მიგნებები წარადგინეს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ბახტაძე-ენგლენდერმა და LEDP-ის კომპონენტის მენეჯერმა, ზურა გამთენაძემ.
„კოლხეთის ეროვნული პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასთან, ისე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ, პარკი წარმოადგენს UNESCO-ს მიერ აღიარებულ დაცულ ტერიტორიას, მეორეს მხრივ იგი აერთიანებს ექვს მუნიციპალიტეტს და ქმნის მუნიციპალიტეტთაშორის თანამშრომლობის სივრცეს. “ – აღნიშნა ზურა გამთენაძემ.



კვლევა, რომელიც 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მაისამდე მიმდინარეობდა, ჩაატარა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ (GEA) და მიზნად ისახავდა კოლხეთის ეროვნული პარკისა და მისი შემოგარენის ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შეფასებას. კვლევის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენდა როგორც პარკის დაცული ტერიტორიები, ისე ბუფერული ზონები, მათ შორის ფოთის, სენაკის, ზუგდიდის, ხობის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა:
- არსებული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული სერვისების ანალიზი;
- ტურისტული პროდუქტის მიწოდებისა და ბაზრის მოთხოვნის შეფასება;
- თემის, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის შესაძლებლობების ანალიზი.
როგორც ძირითადი გამოწვევები, კვლევამ გამოავლინა ტურისტული სერვისების ფრაგმენტულობა, ინფრასტრუქტურის სიმცირე, საერთაშორისო ცნობადობის დაბალი დონე და გიდების მომზადების სისტემის ნაკლებობა.
კვლევის დასკვნის მიხედვით, რეგიონს გააჩნია მაღალი პოტენციალი ეკოტურიზმის განვითარებისათვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია თანმიმდევრული, ინკლუზიური და გარემოზე ორიენტირებული მიდგომა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა კოლხეთის ეროვნული პარკის ირგვლივ. ურთიერთთანამშრომლობა განავითარებს ტურიზმს, გაზრდის ტურისტების ნაკადს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას“ – აღნიშნა ეკატერინე ჩუბინაშვილმა, ლანჩხუთის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა.
სტრატეგიული რეკომენდაციები მოიცავს:
- ეკოტურისტული მარშრუტების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას;
- ადგილობრივი პროდუქტების მხარდაჭერას;
- ციფრული მარკეტინგის გაძლიერებას;
- საჯარო-კერძო-საზოგადოებრივი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) აგრძელებს მუშაობას რეგიონებში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. პროექტი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობების განვითარებაში, ეკონომიკური ინიციატივების აღმოჩენასა და განხორციელებაში, რაც საბოლოოდ ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის სარგებელს.
პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.








