defsfeds

გურიაში ჩაის სექტორის გაძლიერების მიზნით ტრენინგი გაიმართა

28-29 იანვარს Helvetas-ის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტსა (LEDP) და სააგენტოს „აწარმოე საქართველო“ ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა ტრენინგი, რომელიც ჩაის სექტორში მოქმედი მცირე ბიზნესების საცალო მოვაჭრეებთან ეფექტური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონში მოქმედმა კომპანიებმა, მათ შორის ასოციაციის “ჩაის გზა“ წევრებმა, რომლებიც ჩაის წარმოებისა და გადამუშავების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა შეისწავლეს საცალო მოვაჭრეების საჭიროებები და მოლოდინები, რაც დაეხმარებათ მათთან უფრო სტაბილური და მომგებიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის ღირებულების სწორად შეთავაზებასა და პოზიციონირებას, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ბაზარზე დამკვიდრებას. გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მოლაპარაკებების პროცესს, შეისწავლეს კომერციული პირობების ანალიზისა და პარტნიორებთან შეთანხმებების მიღწევის ეფექტური გზები.

ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, მათ შორის, ლოჯისტიკის, მიწოდებისა და მარაგების მართვის მექანიზმებს, რაც ბიზნესებს უფრო ორგანიზებულად მუშაობაში დაეხმარება.

ტრენინგის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველო“ მიერ შეთავაზებულ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამებისა და რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების შესახებ, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და მიიღონ სიღრმისეული ინფორმაცია კერძო სექტორის მხარდამჭერ ყველა არსებულ პროგრამასთან დაკავშირებით.

„ასოციაცია ჩაის გზასა“ და LEDP-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს გურიაში ჩაის სექტორის გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ზომის ჩაის მწარმოებლების განვითარების პროცესს, მათ შორის, მათი უნარების ზრდას  და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას.