defsfeds

ასურეთმა დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალს უმასპინძლა

25 ოქტომბერს ისტორიულ სოფელ ასურეთში გაიმართა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინის ფესტივალი, რომელმაც ქვემო ქართლის მეღვინეები, ღვინის სფეროს პროფესიონალები და მოყვარულები ერთი სივრცეში გააერთიანა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 40-მდე მეღვინის ტრადიციული და თანამედროვე სტილის ღვინოები. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ რეგიონის უნიკალური ნიმუშები და გაეცნოთ ახალი თაობის მეღვინეები.

მეღვინე არტურ აკობიანის თქმით, ქვემო ქართლი თანდათან იკავებს ღირსეულ ადგილს საქართველოს ღვინის რუკაზე:

„როგორც ახლა ყველამ იცის მეღვინეობები კახეთში, ისე გაიცნობენ ქვემო ქართლში და ეცოდინებათ, რომ აქაც უდიდესი პოტენციალის მქონე ღვინოების გაგვაჩნია.“

ღონისძიება არამარტო დეგუსტაციის სივრცე იყო, არამედ გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პლატფორმადაც იქცა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქვემო ქართლის მეღვინეთა და მევენახეთა გაერთიანების პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის, როგორც გამორჩეული ღვინის ბრენდის, განვითარებასა და მეღვინეობის ხელშეწყობას.

გვანცა ირემაშვილის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ასურეთში გამართული ფესტივალი სწორედ ამ გაერთიანების პირველი ერთობლივი ძალისხმევაა:

„სამი მუნიციპალიტეტის – მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს, მათ შორის სწორედ ასურეთის მეღვინეების გაერთიანება უკვე შევქმენით. ეს ფესტივალი არის გაერთიანების პირველი ერთობლივი ძალისხმევა და გვიხარია, რომ ღონისძიებამ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია.“

სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ხელნაკეთი ნაწარმი და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, რომლებიც გათვლილი იყო როგორც ბავშვებზე, ისე უფროსებზე.

ღონისძიება ჩატარდა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აგროცენტრთან და Banhof-თან პარტნიორობით. ფესტივალის ფინანსურ მხარდამჭერებს შორის იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო, Helvetas Swiss Intercooperation და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).

ასურეთის PDO ღვინის ფესტივალმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქვემო ქართლის ადგილი საქართველოს მეღვინეობის რუკაზე და აჩვენა, რომ რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც ხარისხიანი ღვინის წარმოებაში, ისე ტურიზმის განვითარებაში.