defsfeds

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება: შესაძლებლობების გამოვლენა

საერთაშორისო ორგანიზაციამ HELVETAS Swiss Intercooperation, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ პროექტი დაიწყო.  

პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, გამოავლენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებს, გააძლიერებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის კოორდინაციას და დანერგავს სიახლეებს სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში.

პროექტი, განხორციელების პირველ ეტაპზე, იმუშავებს 10 პარტნიორ მუნიციპალიტეტში (ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, გორი, დუშეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, წალკა და თეთრიწყარო), სადაც შექმნის პლატფორმებს საჯარო-კერძო დიალოგისთვის, გააძლიერებს ადგილობრივი მეწარმეების, საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების უნარებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. შედეგად, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა უკეთესი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობა.

პროექტის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია დღეს HELVETAS-მა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით გამართა. ღონისძიების ფარგლებში  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა,  შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბარბარა ბიონმა და პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, მაიკლ ჰეინსმა.

„მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი ადაპტირება ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის. ამ მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამომავლოდაც მზად არის ხელი შეუწყოს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც  მუნიციპალიტეტების გაძლიერებას მოემსახურება.“ – აღნიშნა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

„ჩვენ გვეამაყება ისეთი პროექტების მხარდაჭერა, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი. გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს შერჩეული მუნიციპალიტეტების მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში შეიტანს წვლილს. დარწმუნებული ვართ, რომ მთავრობას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტური კოორდინაციის ხელშეწყობით, პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გაზრდის მათ მედეგობას და, ზოგადად, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველს გახდის პარტნიორ მუნიციპალიტეტებს.“ – აღნიშნა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბარბარა ბიონიმ.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ პროექტი მნიშვნელოვან ფაზაში შედის, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კუთხით კონკრეტული ინიციატივების გამოვლენასა და მხარდაჭერას. აუცილებელია, ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ ძალისხმევის გაერთიანება ადგილობრივი ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.“ – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, მაიკლ ჰეინსმა.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და  PwC საქართველო.

ამასთან, პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში სხვადასხვა საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

ღონისძიების დასასრულს LED პროექტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მემორანდუმის გააფორმა.