ღვინის სექტორის პოტენციალის კვლევის შედეგები ქვემო ქართლში

უძველესი მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიით ცნობილი ქვემო ქართლის რეგიონი დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს ღვინის წარმოებაში. რეგიონში ბოლო წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა ღვინის სექტორის ზრდის ტენდენცია, რაც გამოიხატება ვენახების ფართობის გაზრდაში, მცირე და საშუალო მარნების გახშირებაში და ღვინის ხარისხისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებაში. თუმცა, ამ პროგრესთან ერთად რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, რომელთა სწორად შეფასება და ადრეული გამოვლენა აუცილებელია სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში, DEPA Consulting-მა ჩაატარა ქვემო ქართლის ღვინის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა. კვლევა განხორციელდა ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში და მიზნად ისახავდა სექტორის არსებული მდგომარეობის შეფასებას, მათ შორის მევენახეთა, მეღვინეთა, გადამამუშავებელი საწარმოების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა საკვანძო მონაწილეების ჩართულობით.

კვლევის მიზანი იყო ღვინის ღირებულებათა ჯაჭვის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება, ბაზარზე წვდომის, წარმოების პროცესების, თანამშრომლობის პრაქტიკებისა და განვითარების შესაძლებლობების შესწავლა და ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებას, სექტორის გრძელვადიან მდგრადობასა და რეგიონული ეკონომიკის გააქტიურებას.

გამოვლენილი ხარვეზები და შესაძლებლობები

მევენახეობისა და მეღვინეობის სტრუქტურა ქვემო ქართლში ხასიათდება მაღალი ფრაგმენტაციით, რეგისტრირებული 1,895 ვენახის ნაკვეთის 89 პროცენტი 0.5 ჰა-ზე ნაკლები ფართობისაა. ეს მიუთითებს მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებზე, რომლებიც ხშირად არ ფლობენ საკმარის ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ცოდნას ვენახების მართვისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. უმეტესად, ეს საწარმოები ვერ ახერხებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებასა და სტაბილური ხარისხის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ კონკურენტუნარიანობას.

2024 წლის მონაცემებით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ვენახების მთლიანი ფართობი 1,069 ჰა-ს შეადგენს, აქედან 60% ბოლნისში, 29% მარნეულში და 11% თეთრიწყაროშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში ვენახების ფართობი 116%-ით გაიზარდა, რაც ზრდის სექტორის ეკონომიკურ პოტენციალს და ინვესტირების მიზანშეწონილობას აჩვენებს.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ მცირე მარნების უმრავლესობას არ გააჩნია სტრატეგიული ხედვა პროდუქტის ბრენდირებისა და პოზიციონირების მიმართულებით. უხვად გვხვდება დაბალი ხარისხის შეფუთვა, არათანაბარი დიზაინი და გაუმართავი ეტიკეტირება, რაც არ შეესაბამება თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და უარყოფითად აისახება რეგიონში წარმოებული ღვინოების იმიჯზე. ამავდროულად, ფერმენტაციის პროცესში ხშირად არ გამოიყენება საჭირო ტექნოლოგიური ინგრედიენტები და ტემპერატურული კონტროლი, რაც ზრდის დაბალი ხარისხის რისკს.

მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებები, წყლის რესურსებზე არათანაბარი წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი წარმოადგენს, ასევე, მნიშვნელოვან სისტემურ გამოწვევებს. ახალგაზრდების მიგრაციის ზრდა და სოფლის მეურნეობაში ჩართულობის კლებაც საფრთხეს უქმნის სექტორის გრძელვადიან მდგრადობას.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, ქვემო ქართლის ღვინის სექტორს აქვს განვითარების  მაღალი პოტენციალი. რეგიონში მიკროზონების – ბოლნისისა და ასურეთის – დარეგისტრირება არა მხოლოდ პროდუქტის მარკეტინგული ღირებულების ამაღლებას, არამედ ადგილობრივ ეკონომიკაზე პირდაპირ გავლენასაც იძლევა. აღსანიშნავია, რომ ამ ზონებში მოწეული ყურძნის საშუალო ფასი 20–25%მეტია, რაც ინვესტიციის მოზიდვისთვის დამატებით სტიმულს ქმნის.

რეკომენდაციებს შორის, რომლებიც LEDP კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ცენტრალურია მევენახეებისა და მეღვინეების ცოდნის ამაღლება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მცირე მარნების მხარდაჭერა ბრენდირებისა და ბაზარზე პოზიციონირებაში. ასევე აუცილებელია მობილური ან რეგიონული ლაბორატორიული სერვისების დანერგვა, ხარისხიან საწარმოო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, ჰიგიენისა და ხარისხის სტანდარტებთან დაახლოება და ფინანსური/ბუღალტრული ცოდნის ამაღლება, რაც მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს აწარმოონ ხარისხიანად კონტროლირებადი პროდუქტი და მიიღოს მეტი ეკონომიკური სარგებელი.

საბოლოო ჯამში, ღვინის სექტორი ქვემო ქართლში არ არის მხოლოდ აგრარული მიმართულება. იგი ქმნის საფუძველს სოფლად ცხოვრების ეკონომიკური ღირებულების აღდგენისთვის, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის და რეგიონის ბრენდირების შესაძლებლობებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გაეცანით კვლევას სრულად აქ: „ღვინის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა ქვემო ქართლში“