ქვემო ქართლში ღვინის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა – შეიქმნა ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება, რომელიც რეგიონში მოქმედ მეღვინეებს საერთო პლატფორმაზე აერთიანებს. ახალი გაერთიანება მიზნად ისახავს ერთიანი რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბებას, მეწარმეთა შესაძლებლობების გაძლიერებას და ქვემო ქართლის ღვინის უფრო მკაფიოდ წარმოჩენას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.
გაერთიანების შექმნა გახდა პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მცირე და საშუალო მარნები წლების განმავლობაში იდგნენ. ინდივიდუალურად ბაზარზე დამკვიდრება რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ კონკურენცია უწევდათ ისტორიულად ძლიერ და უკვე ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებთან – კახეთთან, რაჭასთან და იმერეთთან. სწორედ ამ გამოცდილებამ გამოკვეთა საერთო მოქმედების აუცილებლობა და დაანახა სექტორს, რომ თანამშრომლობა განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ინიციატივა ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში მოქმედ ღვინის ასოციაციებსა და დამოუკიდებელ მეღვინეებს ეკუთვნით. მათ ახალი პლატფორმის შექმნით საფუძველი ჩაუყარეს თანამშრომლობის გაძლიერებას – პროცესს, რომელიც რეგიონის პოტენციალის უკეთ წარმოჩენას და მწარმოებლებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
„ეს გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის მეღვინეთათვის. ის დაგვეხმარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის ცნობადობა.“- აღნიშნავს ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების დირექტორი ნატო ალთუნაშვილი.
„მევენახეები და მეღვინეები გაერთიანდნენ ქვემო ქართლის ღვინის პოპულარიზაციის მიზნით. ეს გაერთიანება დაეხმარება ადგილობრივ წევრებს, გაზარდონ ღვინის ხარისხი, გააღრმავონ ცოდნა და მიიღონ უკეთესი წვდომა ბაზარზე.“ – ამბობს ერთ-ერთი მეღვინე და გაერთიანების წევრი, არტურ აკოპიანი.
„ჩვენი რეგიონი ისტორიულადაც იცნობდა ერთობლივი საქმიანობის კულტურას – გერმანელი შვაბების „უნიონი“ ამას ადასტურებს. დღევანდელი გაერთიანება გარკვეულწილად ამ ტრადიციის გაგრძელებაა.“ – აღნიშნავს მეღვინე და გაერთიანების წევრი, გურამ ავქოფაშვილი.
გაერთიანების შექმნას წინ უძღოდა ადგილობრივი მეღვინეების საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი. HELVETAS Swiss Intercooperation-ის მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით განხორციელებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, ინტერვიუები და სამუშაო შეხვედრები ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს მეღვინეებთან. პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ სექტორს სჭირდებოდა მეტი ცოდნა ვენახისა და ღვინის ტექნოლოგიებში, მხარდაჭერა მარკეტინგსა და გაყიდვებში, პოტენციურ მყიდველებთან კავშირის გაძლიერება, მარნებს შორის კოორდინაცია, ასევე ფესტივალებისა და საჯარო ღონისძიებების ერთობლივად ორგანიზება.
LEDP-ის გუნდის ხელმძღვანელის მოადგილის, გვანცა ირემაშვილის თქმით, გაერთიანება სრულად ეხმიანება იმ პრინციპებს, რომლებსაც პროექტის დონორი, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), წლების განმავლობაში უჭერს მხარს: ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად გაძლიერებას.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება თავად მეღვინეების ინიციატივით შეიქმნა. სწორედ ასეთი ჩართულობა ქმნის საფუძველს ძლიერი და მდგრადი რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის” – აღნიშნავს გვანცა ირემაშვილი.
ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების შექმნა მხოლოდ ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას არ ნიშნავს, ეს არის თანამშრომლობაზე დაფუძნებული განვითარების ახალი ეტაპი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის განვითარებაში ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული მიმართულებით.
















